საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა მთავარი პროკურატურა დატოვა.ანი ნადარეიშვილი უწყებაში შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან და პროკურატურის თანამშრომლებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადების თაობაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული. როგორც მან ჟურნალისტებს პროკურატურის დატოვების შემდეგ განუცხადა, უწყებას ახსნა-განმარტება არ მისცა. მისივე თქმით, მზად არის გამოძიებას მოწმის სახით ჩვენება მისცეს.
"ახსნა-განმარტებას მთხოვდნენ, არ მივეცი, რადგან გუშინაც განვაცხადე, ახლაც ვამბობ, რომ ამ ცირკში მონაწილეობას არ ვიღებ. შალვა თათუხაშვილი გარდაიცავალა, საუბარია მის წამებაზე, მუქარაზე. გამომძიებლებმა გილაურმა და ძნელაშვილმა მიიყვანეს ეს ადამიანი ამ დონეზე, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ გამოძიებას. იქაც დავაფიქსირე, რომ ვითხოვ გამოძიებას და მზად ვარ მოწმის სახით დავიკითხო და მივცე ინფორმაცია. არანაირი კითხვები არ იყო, შევედით თუ არა ვიკითხეთ, იყო თუ არა გამოძიება დაწყებული. მათ თქვეს, რომ დანაშაულის ნიშნები მართალია არის ამაში, რასაც თქვენ აცხადებთ, მაგრამ ჩვენ გამოძიებას არ დავიწყებთ. გენინსპექციის უფროსის მოადგილე ქალბატონი მაგდა კაპანაძე იყო ვინც ეს პასუხი გაგვცა", - აღნიშნა ანი ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, თავიდანვე უარი განაცხადა ახსნა-განმარტების მიცემაზე. როგორც ანი ნადარეიშვილმა აღნიშნა, მზად არის მისცეს ჩვენება მოწმის სახით იმ შემთხვევაში თუ გამოძიება დაიწყება. ამასთან, ჟურნალისტებთან გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა ანი ნადარეიშვილის ადვოკატმა გიორგი ონიანმაც.
მასალის გამოყენების პირობები