საქართველო მზადაა "ასოცირების დღის წესრიგის" შემუშავება დროულად დაასრულოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები" განაცხადა, რომელიც საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" დღეს თავად გახსნა.
"ჩვენ მივესალმებით ვილნიუსის სამიტზე გახსნილ ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ ამავე დროს კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომლებიც ამ პროცესს ახლავს თან და მზად ვართ გადავლახოთ ეს სირთულეები. ამისათვის წამოვიწყეთ მთელი რიგი რეფორმები და დავსახეთ ღონისძიებები, რომლებიც აისახა საქართველოს მთავრობის პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მზად არის განახორციელოს თანამიმდევრული რეფორმები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში, რათა ქვეყანამ მიიღოს მაქსიმალური სარგებელი. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და მდიდარი ბაზრის - ევროკავშირის ბაზრის წვდომა მძლავრი იმპულსი იქნება ქართული ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების, ექსპორტის დივერსიფიცირებისა და განვითარებისთვის. მჯერა, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს მიმზიდველობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს შემოსვლას, კონკურენტუნარიანი ადგილობრივი პროდუქციის გაჩენის სტიმულირებასა და სამუშაო ადგილების შექმნას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჩვენ მზად ვართ, უფრო ინტენსიურად გავაგრძელოთ რეფორმების გატარება და შევქმნათ მყარი საფუძველი ასოცირების შესახებ შეთანხმების განსახორციელბლად.
ამასთანავე, ჩვენ მზად ვართ, დროულად დავასრულოთ "ასოცირების დღის წესრიგის" შემუშავება. გვჯერა, რომ ამ საქმეში სათანადო მხარდაჭერას მოვიპოვებთ ევროკავშირის მხრიდან", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს დღევანდელი ამოცანაა ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული ხელმოწერა.
"მე ახლახან დავბრუნდი ევროპიდან, სადაც შეხვედრები მქონდა ბატონ ბაროზოსთან და ბატონ რომპუისთან. მათ ჩემთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს არაუგვიანეს ივნისის თვისა. სულ მალე, ივნისის თვეში დადგება ის დრო, რომელსაც ასე ელის ქართველი ხალხი - საქართველო ხელს მოაწერს თავის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას. ჩვენი მხრივ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად", - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები