„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს გვიან ღამით თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. წიკლაურის თქმით, სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომლებმაც მისი გატაცება სცადეს. დეპუტატის განცხადებით, მის წინააღმდეგ ელექტროშოკიც გამოიყენეს.
„ღამის 3 საათისთვის დავბრუნდი სახლში. სახლთან დამხვდა სამი მანქანა, რომელშიც იყო შვიდი ან რვა ადამიანი, ყოველგვარი სიტყვების გარეშე დამესხნენ თავს და დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს ჩხუბი. მათი ამოცანა იყო მანქანაში შეგდება და როცა ეს არ მოხერხდა, ერთ-ერთმა დამადო ორჯერ ელექტროშოკი“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
დეპუტატს სამედიცინო დახმარება ღუდუშაურის საავადმყოფოში აღმოუჩინეს. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
„დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს ღამის სამ საათზე დახვდა რვა ადამიანი და სცადა მისი გატაცება ელექტროშოკების გამოყენებით. ბოცოს და მეზობლების წინაააღმდეგობის დროს მას მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის სახეზე, მუხლებზე, ფეხებზე. აქვს ტვინის შერყევაც. ეს ადამიანები, გავდნენ სუს-ის წარმომადგენლებს და მაშასადამე, უდიდესი ალბათობით, მოქმედებდნენ მთავრობის დავალებით. მოწმეთა გატაცებიდან, მთავრობაში მოკალათებული მეხუთე კოლონა გადავიდა დეპუტატებზე. ეს მათ მწარედ მოუბრუნდებათ“, – წერს პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი „ფეისბუქში“.
მასალის გამოყენების პირობები