საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი ყოველთვის უკავშირდება ეროვნულ იდეას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზვიად გამსახურდიას საფლავთან ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას სახელი დაკავშირებულია სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან.
"განუზომლად დიდია ზვიად გამსახურდიას დამსახურება და როლი საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში, სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში. სწორედ ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება რეფერენდუმის ჩატარება, როდესაც ყველამ მისცა ხმა, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების თანამონაწილეობით, დამოუკიდებლობის აღდგენას. სწორედ ამიტომ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ვალია, ყოველთვის გავიხსენოთ ზვიად გამსახურდიას სახელი და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. დღეს, პარლამენტის შენობაში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 75 წლის იუბილისა და 1990 წლის 31 მარტს ჩატარებული პირველი რეფერენდუმისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები