დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის საქმის გამოძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
"ეს არის აღმაშფოთებელი მოვლენა. ყველა მოქალაქე უნდა იყოს მშვიდად დღისითაც, ღამით და პარლამენტის წევრის მიმართ მსგავსი მოქმედება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი შეშფოთების საბაბს იძლევა. საქმე არის გამოსაძიებელი, რაც შეიძლება სწრაფად. ვიცი, რომ სრულიად სამართალდამცავი სისტემა არის მობილიზებული ამ საკითხებით. მე ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა ეს საკითხი და ჩართულია მის სათანადოდ მოგვარების საქმეში. ამოცანა არის ძალიან მარტივი სამართალდამცველი ორგანოებისთვის - დანაშაული უნდა გაიხსნას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, უსუფაშვილის თქმით, პოლიტიკურ შეფასებებში ყველა თავისუფალია და ამაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
ნუგზარ წიკლაურს 30 მარტს ღამით დაესხნენ თავს. ნუგზარ წიკლაურის თქმით, მას სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომელებმაც მისი გატაცება სცადეს. დეპუტატის განცხადებით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.
მასალის გამოყენების პირობები