ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმის განხილვა შეწყდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა , "სხდომის გაგრძელებას აზრი არ აქვს, რადგან მათ ამის საშუალებას ოპონენტები არ აძლევენ".
მისივე განმარტებით, კომიტეტი იმსჯელებს, რა ფორმატში გაგრძელდება აღნიშნული საქმის მოსმენა.
"ნამდვილად არ აქვს აზრი ამ საუბრის გაგრძელებას. ამით დავასრულებთ ამ სხდომას, ვისაც აინტერესებს მერე შევიკრიბებით და გავაგრძელებთ განხილვას.
კომიტეტი გადაწყვეტს, როდის გაგრძელდება სხდომა და მიიღებს გადაწყვეტილებას რა ფორმატში გაგრძელდება მოსმენა. ოპონენტებს მივმართავ - საშუალებას არ აძლევთ კომიტეტს, რომ სხდომა ჩაატაროს და ის, რომ სხდომას ვერ ვატარებთ არის სწორედ თქვენი ბრალი", - მიმართა ბესელიამ უმცირესობის წევრებს.
კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული მიმართვის შემდეგ განცხადება გააკეთა უმცირესობის წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა და აღნიშნა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საჯაროდ გამოაქვეყნებს ყველა იმ კითხვას, რომელსაც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დღეს პასუხი ვერ გასცა".
თაქთაქიშვილის ამ განცხადებას იქვე უპასუხა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე ირაკლი შოთაძემ და აღნიშნა, რომ მას თავად უმცირესობამ არ დააცადა კითხვებზე პასუხი გაეცა.
მასალის გამოყენების პირობები