საქართველოში დღეს ნატო-ს კვირეული დაიწყო. კვირეული ევროპულ და ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა გახსნეს. ამასთან, როგორც კვირეულის გახსნამდე ალექი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნატო-ს კვირეული საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია.
"ნატო-ს კვირეულით, პირველ რიგში, საქართველოს საზოგადოებას, ნატო-ს თანამეგობრობას და ჩვენ სამეზობლოს კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქართველოს მისწრაფების შესახებ და ამ მისწრაფებების განხორციელების დაჩქარების აუცილებლობაზე. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს პროცესი დასრულებული არ არის, ეს პროცესი დასაჩქარებელია. უკრაინის ოკუპაციის ფონზე მივიჩნევთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროცესები დაჩქარდეს", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
კვირეულის გახსნის შემდეგ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კონფერენცია "გზა ნატოსკენ – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება" დაიწყო. კონფერენციაში მონაწილეობენ მაღალი დონის სტუმრები ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან, ასევე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
ნატო-ს კვირეული, რომელიც 7-16 აპრილის განმავლობაში გაიმართება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის, რუმინეთის საელჩოს და ატლატიკური საბჭოს მხარდაჭერით ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები