საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების მოსახლეობისათვის პასპორტების ლიკვიდაციის გადაწყვეტილებას არალეგიტიმურად აფასებს. ლაპარაკია აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის შესაბამის დადგენილებაზე.
ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჯალაღანიამ ხაზგასმით განაცხადა,რომ მსგავსი სახის ნებისმიერი ქმედება და საქმიანობა, რომლებსაც არალეგიტიმური საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეწევა, არის უკანონო, არალეგიტიმური და საერთაშორისო სამართლის კუთხით აბსოლუტურად ძალადაკარგული.
„არარსებული ქვეყნის არარსებული პარლამენტი კანონშემოქმედებით საქმიანობას თავის წარმოდგენაში ეწევა. მას არავითარი პოლიტიკური და იურიდიული საფუძველი არ აქვს. დე ფაქტო სიტუაციაში ეს კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ ადგილზე კვლავაც მოხდეს მოსახლეობის დახარისხება _ სამწუხაროდ, კვლავ ეთნიკური ნიშნით. ეს იმისკენ არის მიმართული, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს ყოველდღიურ ცხოვრებაში დამატებითი პრობლემები კვლავ შეუქმნან. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოების კუთხით ადგილზე კვლავაც არასახარბიელო, სავალალო სიტუაციაა შექმნილი“, _ აღნიშნა დავით ჯალაღანიამ.
მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც მას ეს არაერთხელ გაუკეთებია, აქტიური დიალოგით ზემოთხსენებულ დარღვევებზე ყურადღებას კიდევ ერთხელ გაამახვილებს.
როგორც ჯალაღანია აცხადებს, შესაბამისი ფორმატები არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები