შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი ე.წ. არჩევნების შედეგებს არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და მეგობარი ქვეყანა არ აღიარებს.
როგორც პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, სამხრეთ ოსეთის ტერიოტირაზე ე.წ. არჩევნები რეგულარულად ტარდება, ყოველთვის არის უკანონო, არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართალს.
ამასთან, მისივე თქმით, ჯერჯერობით არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდეს.
"ჯერჯერობით არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდეს. ამიტომ, მე არ მოვუწოდებდი არავის, რომ ამაზე განსაკუთრებით გაამახვილონ ყურადღება. ვიღაცას რაღაც მოსაზრებები შეიძლება ჰქონდეს. იქ ჩატარებულა ე.წ. რეფერენდუმები, ამ საკითხებთან დაკავშირებითაც და ჩანს, რომ ჯერჯერობით იმ ე.წ. რეფერენდუმის შედეგებსაც არავითარი გამოხმაურება არ ჰქონია. ამიტომ, როგორც ყოველთვის, მშვიდად უნდა ვუყუროთ ამას. ჩავთვალოთ, ეს ესეც არის, რომ იქ ნებისმიერი მოქმედება არის უკანონო, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით საინტერესო, რადგან ასეთ დროს ჩანს რა ძალები როგორ მოქმედებენ და ვისთან რა ფორმით შეიძლება მომავალში ურთიერთობის დამყარება", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხინვალში ივნისისთვის დაგეგმილ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი კითხვით - "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთდეს".
მასალის გამოყენების პირობები