საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი ვერ ადასტურებს, რომ TV3-ის გადამღებ ჯგუფს დღეს გაათავისუფლებენ.
"ჩვენთან არ დაუდასტურებიათ ეს ინფორმაცია, აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით. ვნახოთ, მოლოდინის რეჟიმში ვართ. ჯერ რაიმე ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. როგორც კი მივიღებთ, აუცილებლად გაგიზიარებთ", - აცხადებს შს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გოჩა რატიანი.
ამასთან, მისთვის უცნობია, რა პროცედურებს მიმართავენ უკვე ცხინვალში დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები და იგეგმება თუ არა ე.წ. სასამართლო პროცესის გამართვა. როგორც წესი, უმეტეს შემთხვევებში რუსი ოკუპანტების მიერ "საზღვრის გადაკვეთის" ბრალდებით დაკავებულებს ცხინვალში "ასამართლებენ" და ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ.
TV3-ის ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი გუშინ სოფელ აძვში სიუჟეტის მოსამზადებლად იყვნენ ჩასული. ისინი რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს. მოგვიანებით დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მათ გუშინ ოჯახის წევრებთან საუბრის საშუალება მისცეს. ბელა ზაქაიძის თქმით, კარგად არიან და ჰპირდებიან, რომ უკვე დღეს გაათავისუფლებენ.
მასალის გამოყენების პირობები