ჩემი იმუნიტეტი ჩემი სიმართლეა,-ეს განცხადება დღეს გამართულ სხდომაზე დეპუტატმა როლანდ ახალაიამ გააკეთა. ახალაიამ მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს. უმრავლესობის წევრებს და პირადად დეპუტატ გია ჟორჟოლიანს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, კომიტეტის სხდომაზე დათა ახალიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის მკვლელია.
როგორც როლანდ ახალაია აცხადებს, მას ბრალის წაყენება არ აშინებს და ეს "აწყობს" კიდეც, რომ ხალხმა ნახოს, თუ რას ედავებიან.
"თქვენ ბრძანდებით არამხოლოდ უმრავლესობის ხელმძღვანელი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე. თქვენ ერთნაიარად უნდა ზრუნავდეთ როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის ავტორიტეტზე და მის საქმიანობაზე. ძალიან გამაკვირვა თქვენმა სწრაფმა რეაქციამ, რაც ჩემთან დაკავშირებით კანონის შესწორებას მოჰყვა. მე ჩემი ცხოვრება მივლია ისე, რომ იმუნიტეტი არასდროს დამჭირვებია. ჩემი იმუნიტეტი არის ჩემი სიმართლე, მაგრამ მინდა გაოცება ფაქტთან დაკავშირებით გამოვხატო. არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი მიდგომის მიზეზი თქვენი პირადი დამოკიდებულება იყო. გულახდილად გეტყვით, არ ვიცოდი და ახლა შემთხვევით გავიგე, თქვენი ნათესაური კავშირის შესახებ ცოტნე ბაკურიასთან და მგონია, რომ ეს არაფერ შუაში არ არის. მე უფრო მგონია, რომ თქვენ ამ საკითხს მხარი პოლიტიკური მორჩილების გამო აუბით", – განაცხადა როლანდ ახალაიამ დავით უსუფაშვილის მისამართით.მისივე თქმით, სადეპუტატო იმუნიტეტთან დაკავშირებით კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგებს სამომავლოდ უმრავლესობის წევრები აუცილებლად დაინახავენ.
"18 თვეა ჩემი უფროსი შვილი სასამართლოს გარეშე ზის ციხეში. არავის ეს არ გაინტერესებთ. თქვენი ერთ-ერთი უფლებადამცველი ამბობს, "არ მაინტერესებს ახალაიას დაუმტკიცებენ თუ არა დანაშაულს – ის უნდა იჯდეს იქ". თქვენ ამას მშვიდად ხვდებით. დღეს რაც პროკურატურაში ხდება, თქვენი უმოქმედობის შედეგიც არის – თქვენ პროკურატურა გამოიყვანეთ საკანონმდებლო ორგანოს კონტროლიდან", – განაცხადა ახალაიამ უმრავლესობის მისამართით, დეპუტატ გია ჟორჟოლიანს კი ურჩია, სტუდენტობიდან მოყოლებული მის მიერ განვლილ გზას გადახედოს.
როლანდ ახალაიამ დღეს აშშ-ს საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობასაც მიმართა და სთხოვა დაინტერედნენ, თუ რა ხდება პროკურატურაში. "დაბრუნდნენ კორუფციის და სხვა დანაშაულისთვის გაყრილი ხალხი, რომლებიც ახლა შურისძიებით არიან დაკავებული", - აღნიშნა ახალაიამ.
მასალის გამოყენების პირობები