საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო TV 3-ის გადამღები ჯგუფის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყვეტ კავშირშია ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან მოვლენათა განვითარების თაობაზე. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 16 აპრილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ქართველი ჟურნალისტების დაკავების ფაქტს.
"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას. მიგვაჩნია, რომ სწორედ რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ქართველი ჟურნალისტების უკანონო დაკავება არის მორიგი პროვოკაცია. საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში არ შედის ქვეყანაში ვითარების დაძაბვა. აღნიშნულს ნათლად ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაციისკენ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის საფუძველზე. ყოველივე ეს დასტურდება საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯებით", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულებისას ქართველი ჟურნალისტების უკანონო დაკავების ფაქტს და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, უპირველესად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს და ყველანაირად შეუწყოს ხელი ქართველი ჟურნალისტების გათავისუფლებას.
მასალის გამოყენების პირობები