დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს ვერ გააუქმებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა "რია ნოვოსტის" რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"ტრადიციულად, ვიზების საკითხი მწვავედ დგას, რადგან, როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოში, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. დღეს კი ასეთი ვითარებაა - დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების სრული ლიბერალიზაცია ნაადრევია. თუმცა, ჩვენ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ იმ პირთა კატეგორია, რომლებიც რუსულ ვიზებს იღებენ", - აღნიშნა კარასინმა. მისი ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოს 25 ათას მოქალაქეს მისცეს რუსეთის ვიზა, რაც 40%-ით მეტია 2012 წლის მაჩვენებელზე.
ამასთან, როგორც გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რუსეთის საგარეო უწყება ჯერ ვერ შეძლებს გააუქმოს რეკომენდაციები საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომელიც გულისხმობს თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან, რაც საქართველოს მიერ მიღებულ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონს უკავშირდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის საკითხსაც. "ჩვენ იძულებულები ვიყავით აღგვენიშნა, რომ მიუხედავად საქართველოში რუსი ტურისტების რიცხვის გაზრდისა, რჩება დაბრკოლებები "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" გამო. ამ კანონის გაუქმება, რა თქმა უნდა, ჩვენი ტურისტების რაოდენობას საქართველოში მნიშვნელოვნად გაზრდიდა", - განაცხადა კარასინმა. გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის მომდევნო რაუნდი ივლისში თვეში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები