ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას პარლამენტის უმრავლესობის წევრი, თინათინ ხიდაშელი ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა სრულიად მოსალოდნელი რეზოლუცია მიიღო.
მისი შეფასებით ,ევროკავშირის ეს რეზოლუცია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია.
,,რეზოლუციაში ხაზგასმით არის საუბარი საქართველოზე და მოლდოვაზე, საუბარია ოკუპაციის დაუშვებლობაზე ამ ორ სახელმწიფოსთან მიმართებაში და ასევე მხარდაჭერა გამოხატა ევროპარლამენტმა უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების მოქმედებებზე აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს არის ღია მხარდაჭერა“, _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას საერთაშორისო ნორმების დარღვევით. ასევე, ნათქვამია, რომ საოკუპაციო ძალის ეფექტური კონტროლის ქვეშ ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას და იძულებით დემოგრაფიულ ცვლილებებს.
ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ პატივისცემას აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და პოლიტიკური დამოუკიდებლობისადმი.
მასალის გამოყენების პირობები