აფხაზეთი თანახმა არ არის, საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გეგმის ნაწილი გახდეს, - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ "იზვესტიასთან" ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის მტკიცებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა აფხაზეთთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილოს. ხინთბა განმარტავს, რომ საუბარია საქართველოსა და ევროკავშირის შორის არსებულ შეთანხმებაზე და არა ცალკე აფხაზეთის რეგიონთან დოკუმენტის ხელმოწერაზე.
"სინამდვილეში არავინ აპირებს აფხაზეთთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. საქმე ეხება ევროკავშირის გეგმებს საქართველოსთან მიმართებაში, რომელშიც აფხაზეთი საერთო სურათის ნაწილად განიხილება. ჩვენ, რა თქმა უნდა, საკითხის ასე დაყენებაზე თანახმა არ ვართ. ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან სამხრეთ კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობისადმი ევროკავშირის უარყოფითი დამოკიდებულების გავლენის ქვეშაა. მნიშვნელოვანია ასევე საზოგადოებრივი აღქმის ფაქტორი _ თუ ევროკავშირი თუნდაც ნეიტრალურ პოზიციას არ დაიკავებს აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით, ეს განწყობა არც თუ პოზიტიური იქნება. თუ ჩვენს ევროპელ კოლეგებს მართლა სურთ დაეხმარონ აფხაზ ერს, რომელიც საქართველოს მიერ გაჩაღებული ომის შედეგად დაზარალდა, უნდა მოეპყრონ აფხაზ საზოგადოებას, როგორც დამოუკიდებელ ღირებულებას და არა როგორც ობიექტს, რომელზეც გავლენის მოხდენა შეიძლება საქართველოს ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. დროა, შეწყდეს ჩვენი დანახვა საქართველოს პრიზმიდან. აფხაზეთს სჭირდება პირდაპირი, კონკრეტული და არაპოლიტიზირებული დახმარები სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგის და გეოპოლიტიკური არჩევანის თავსმოხვევა ჩვენთვის უსარგებლო და კონტრპროდუქტიულია", - განაცხადა ხინთბამ.
მასალის გამოყენების პირობები