დათა ახალაიამ საბერძნეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, - ამის შესახებ ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა პროცედურა ხორციელდება, რომელიც პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნასთან არის დაკავშირებული.
ადვოკატ რომეო საჯაიას თქმით, დათა ახალაია ამ დროისთვის საბერძნეთში, შესაბამის დაწესებულებაში იმყოფება.
”ახალაია სამართალდამცავებს არ ჩაბარებია და იმ დაწესებულებაში იმყოფება, სადაც პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი პირები გადაჰყავთ”, - განაცხადა რომეო საჯაიამ.
დათა ახალაიასთან დაკავშირებით, ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
"ვინაიდან ჩვენს ოჯახზე უკვე წელიწადნახევარზე მეტია ინტენსიურად მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ოჯახის თითოეულ წევრზე ხორციელდება არნახული ზეწოლა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, დათა ახალაიამ ერთ-ერთ ევროკავშირის სახელმწიფოს მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით"!-წერს ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენის ყოფილი უფროსი დათა ახალია საბერძნეთის ქალაქ პატრასში პოლიციამ ყალბი დოკუმენტების აღმოჩენისთვის დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული გამოცემა Patras Times ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ქალაქ პატრასში ერთი თვის წინ პოლიციის მიერ ყალბი დოკუმენტების აღმოჩენისთვის დაკავებული ქართველი დავით ახალაია აღმოჩნდა.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ დათა ახალაიაზე ძებნაა გამოცხადებული ადამიანთა წამებისა და სხვა დანაშაულებისთვის.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, 33 წლის ახალაიას თან აღმოაჩნდა 20 ათასი ევრო და 10 ათასი დოლარი და მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
მასალის გამოყენების პირობები