"ნაციონალური მოძრაობა" ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს ისევ მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა.
"ჩვენ დამოკიდებულება არ შეგვიცვლია კანონპროექტის პირველი მოსმენის შემდეგ და ისევ მხარს ვუჭერთ ანტიდისკრიმინაციულ პაკეტს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი პაკეტის თავდაპირველი ვარიანტი, სადაც არსებობდა მკაფიო მექანიზმები ამ კანონის იმპლემენტაციისა, იყო უკეთესი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიზიარებთ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, თუმცა ღირებულებითი მხარით და პრაქტიკული მხარითაც ეს კანონპროექტი, ჩვენი აზრით, იმსახურებს მხარდაჭერას და, შესაბამისად, ვაპირებთ, რომ მას მეორე მოსმენითაც დავუჭიროთ მხარი და მესამე მოსმენითაც", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
დეპუტატის განმარტებით, ანტიდისკრიმინაციული კანონი საქართველოში უნდა არსებობდეს. "ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, რომ ვიღაცა ითხოვს ვიყოთ ცივილიზებული – ჩვენ უნდა ვიყოთ ცივილიზებული, ჩვენ უნდა ვიცავდეთ უმცირესობების უფლებებს. დისკრიმინაცია მიუღებელია თავისთავად და არა იმიტომ, რომ ამას ჩვენგან ვიღაც ითხოვს. ესაა ელემენტარული ნაწილი ჩვენი ცხოვრების", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები