საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეს 23 წელი შეუსრულდა.პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, მეუღლეებთან ერთად, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში უმასპინძლებს. ქართველ ოფიცრებს პროფესიულ დღეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე და ვახტანგ კახიძის სიმფონიური ორკესტრები მიულოცავენ.
სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით საზეიმო ღონისძიებები დაგეგმილია ასევე, შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში.
1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.
მასალის გამოყენების პირობები