არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" კომპლექსური კვლევის ჩატარებას და საქართველოში მედია გარემოს შესწავლას გეგმავს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდი "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარემ და ამავდროულად, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის "მოქალაქის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს პროექტი უპრეცედენტოა, რადგან როგორც წესი, მედია გრემოს შესწავლა ხდება მხოლოდ წინასაარჩევნოდ, ეს პროექტი კი იქნება პერმანენტული.
"პროექტი გაწერილია დროში და არანაირად არ არის მიბმული არჩევნებზე. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება რამდენიმე წამყვან მსოფლიო ორგანიზაციასთან და ამ მოლაპარაკების შედეგად შევარჩიეთ უმძლავრესი კვლევითი ორგანიზაცია, მსოფლიო დონის კორპორაცია "თი-ენ-ესი", რომელიც 80-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს საქმიანობას. აღნიშნული პროექტი დაქოქვის სტადიაშია. შესაბამის ხელშეკრულება გაფორმებულია და აღნიშნული კორპორაციის კვლევის პირველი შედეგები 3 თვის შემდეგ დაიდება", - აღნიშნა ჩხეტიანმა.
მისივე თქმით, ეს პერმანენტული პროექტი სულ მცირე ერთ წელს გასტანს და შემდეგ შესაძლოა, გაგრძელდეს.
"ეს პროექტი მოგვცემს ობიექტურ სურათს მედია გარემოსა და ხარისხის შესახებ",- აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
მასალის გამოყენების პირობები