უკრაინის აღმოსავლეთში, ქალაქ სლოვიანსკში მყოფი პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინის უშიშროების ძალებმა „ფართომასშტაბიანი ოპერაცია“ დაიწყეს და ქალაქზე კონტროლის აღდგენას ცდილობენ.
სააგენტო „როიტერის“ ფოტოკორესპონდენტი იუწყება, რომ უკრაინის საჰაერო ძალების ვერტმფრენიდან დაიბომბა ქალაქის მისადგომები,რომელიც ათეულ ათასობით ადამიანით არის დასახლებული. ჟურნალისტი იუწყება აგრეთვე, რომ სროლის ხმა ისმის ქალაქშიც.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის თანაშემწემ განაცხადა, რომ კომენტარს მხოლოდ ოპერაციის დასრულების შემდეგ გააკეთებს. გასული თვიდან მოყოლებული სლოვიანსკს მუდმივად სეპარატისტები აკონტროლებენ. თავდაპირველად მათ პოლიციის შენობა დაიკავეს, მოგვიანებით კი ქალაქის საბჭო და სხვა სამთავრობო შენობები. პრო-რუსულად განწყობილმა მეამბოხეებმა დააკავეს სლოვიანსკის მერი, რამდენიმე ჟურნალისტი, უკრაინის უშიშროების სამსახურის სამი თანამშრომელი და შეპყრობილი ჰყავთ ეუთოს სამხედრო მეთვალყურეები, მათ შორის - გერმანიის სამი მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები