სლავიანსკში ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს უკრაინაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.
როგორც მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ქართული მხარე, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, შეშფოთებით ადევნებს თვალყურს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
"განსაკუთრებით შეწუხებულები ვართ იმის გამო, რომ ადამიანები იღუპებიან. ამიტომ კიდევ ერთხელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მოვუწოდებთ ყველას, ვინც ამ სისხლისღვრაშია ჩართული, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და კონფლიქტი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტონ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ საკითხებს, საგარეო უწყება დღეს გაავრცელებს განცხადებას და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს არ გაემგზავრონ კონფლიქტურ რეგიონებში და თუკი უკვე იქ არიან, იყვნენ ფრთხილად და დახმარების თხოვნით მიმართონ საქართველოს საელჩოს და საკონსულოებს, თუკი ამის საჭიროება იქნება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს დონეცკსა და ოდესაში აქვს საკონსულოები და ისინი გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე იმ სუტიაციის გათვალისწინებით რაც იქ არის.
მასალის გამოყენების პირობები