300 ქართველი სამხედრო დღეს ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.თავდაცვის სამინისტროს ცნობით, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედროებმა ავღანეთში შვიდი თვის განმავლობაში, ISAF-ის მისიის ფარგლებში, დაკისრებული მოვალეობა წარმატებით შეასრულეს.
სამშვიდობოებს,ალექსეევკას აეროპორტში გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დახვდა. სამხედროების დასახვედრად აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე, სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი, პოლკოვნიკი ბესიკ გოფოძე და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი.
ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა, აშშ-ს საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით, სრული სპექტრის ოპერაციები განახორციელეს. მათი მთავარი ამოცანა პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა იყო.
31-ე ბატალიონის საქართველოში ჩამოსვლა ეტაპობრივად მოხდება. ბატალიონი მიმდინარე თვის ბოლომდე სრულად დაბრუნდება საქართველოში. ისინი ავღანეთში II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა ჩაანაცვლეს.
მასალის გამოყენების პირობები