უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება.კრამატორსკში დაპირისპირების შედეგად, გასულ ღამეს, 10 ადამიანი, მათ შორის ორი სამხედრო დაიღუპა, 15 დაშავებულია. ამ დროისთვის ქალაქს სამხდროები აკონტროლებენ.
სეპარატისტებისგან გათავისუფლებულია ადმინისტრაციული შენობები, კონტროლი დაიბრუნეს უკრაინელმა სამხედროებმა ტელეანძაზე. ქალაქში უკვე გამოირთო რუსული ტელეარხები და მათ ნაცვლად უკრაინული არხების მაუწყებლობა განახლდა.
ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო კონსტანტინოვკაში. გასულ ღამეს ლუგანსკში, სამხედრო დანაყოფზე იერიში განახორციელეს სეპარატისტებმა, თუმცა ეროვნულმა გვარდიამ მათი მოგერიება შეძლო.
სროლის ხმა ისმოდა მარიოპულშიც.იერიში განხორციელდა საქალაქო საბჭოს შენობაზე, რომელიც სეპარატისტებს ჰქონდათ დაკავებული.
სამხედროების შესაჩერებლად შეიარაღებულმა პირებმა შენობებთან ავტობუსები და საბურავები დაწყვეს. ცეცხლი მოედო “პრივატბანკის” ერთ-ერთ ოფისსაც.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ანტიტერორისტული ოპერაცია ყველა ქალაქში ჩატარდება,სადაც სეპარატისტებს შენობები აქვთ დაკავებული. პარალელურად, უკრაინული მედია ავრცელებს ცნობას, რომ ოპერაციის დაწყების შემდეგ ყირიმში სამხედრო ავიატექსნიკის მობილიზება შეინიშნება.
თვითმხილველებმა 46 ერთეული სამხედრო ავიაგამანადგურებელი შენიშნეს.
მაიდანზე კი პროვოკაციებს ელიან. დღეს ტრადიციული ეროვნული შეკრება უნდა გამართულიყო, თუმცა ევრომაიდანის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ინფორმაცია მიიღეს მოსალოდნელი არეულობის შესახებ და ყველას მოუწოდებენ, არ გავიდნენ მაიდანზე.
მასალის გამოყენების პირობები