როგორც ჩანს, შს სამინისტროში ინფორმაცია დაცული არ არის და ვინ რა მიზნით და რატომ გამოიყენებს ამას, ცალკე თავის ტკივილია,-ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის მიმართ ფარული მიყურადების ვიდეომასალების ნახვის შემდეგ საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ერთი პრობლემაა, თუ რატომ ხდება თვალთვალი და მიყურადება, მეორე კი ის, რომ ინფორმაცია შს სამინისტროდან ჟონავს და მას დაცვა სჭირდება.
"როგორც გავიგეთ, "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის მიმართ ფარული მასალების წყარო შს სამინისტროს კონკრეტული თანამშრომელია. როგორც ჩანს, მოპოვებულ ინფორმაციასაც სჭირდება დაცვა და სხვა საკითხია კანონიერად არის ინფორმაცია მოპოვებული, თუ უკანონოდ აღნიშნული ინფორმაცია. ვინ და რა მიზნით, რატომ გამოიყენებს ამ ინფორმაციას, ეს არის ცალკე თავის ტკივილი. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება სისტემურად მიუდგება ამ საკითხს, რაც შედის როგორც მედიის, ასევე სახელმწიფოს ინტერესებში", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მისი თქმით, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ მასალების გამოვლენის შემდეგ აუცილებელია გამოძიება, რაც საგამოძიებო უწყებების პირდაპირი მოვალეობაა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენელია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძეს საუბრებია აღბეჭდილი.ნიკა გვარამიამ ინფორმაციის წყაროდ შსს დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები