რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას ღია წერილი გამოუგზავნა, სადაც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 9 მაისს ულოცავს. პუტინის მიმართვის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრი ავრცელებს.
"ძვირფასო ვეტერანებო! ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო! მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ ჩვენი მამების და ბაბუების დიდი გამარჯვების 69 წლისთავი! მათ სასტიკ, სისხლიან ომში სამშობლო დაიცვეს და რუსეთისა და საქართველოს საერთო ისტორიაში მსოფლიოს მომავალი თაობებისათვის გმირობის გვერდი შექმნეს ,“- ნათქვამია პუტინის მიმართვაში.
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მრავალსაუკუნოვანი კავშირი, კულტურული და სულიერი სიახლოვე, ტრადიციები და მეგობრობა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის გასაღებია.
„ჩვენ გულწრფელად მივილტვით იმისკენ, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები ნაყოფიერად განვითარდეს ახალი იდეებითა და გეგმებით ", - აცხადებს პუტინი.
რუსეთის პრეზიდენტი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
"მშვიდობა და აყვავება საქართველოს ყველა მოქალაქეს",- ნათქვამია პუტინის მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები