საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის მორიგი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. 151 ქართველ სამხედროს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დახვდნენ, სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება და ISAF-ის მისიის წარმატებით განხორციელება მიულოცეს.
31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ბაზა „ლეზერნეკზე“ ISAF-ის მისია 7 თვის განმავლობაში შეასრულეს. აშშ-ს საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით, მათ სრული სპექტრის ოპერაციები განახორციელეს. მათი მთავარი ამოცანა პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და მოძრავი საკონტროლო საგუშაგოების მოწყობა იყო. 31-ე ბატალიონის საქართველოში ჩამოსვლა ეტაპობრივად მოხდება. ბატალიონის 300 სამხედრო რამდენიმე დღის წინ უკვე დაბრუნდა საქართველოში. ქვედანაყოფი სამშობლოში მიმდინარე თვის ბოლომდე სრულად დაბრუნდება. ისინი ავღანეთში II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა ჩაანაცვლეს.
მასალის გამოყენების პირობები