„ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც თამამად შეუძლია, ხალხს თვალებში ჩახედოს და უთხრას, რომ ის აუცილებლად გააგრძელებს იმ აღმშენებლობას, რაც დაწყებული ჰქონდა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სპორტის სასახლეში.
დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური გამოცდილება, არამედ იმის უნარიც, რომ „წარსულის შეცდომებზე ვისწავლოთ, გავაანალიზოთ და გავაკეთოთ უფრო მეტი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის“;
„რა მივიღეთ დღეს? დღეს უკვე შემოგვეპარა კრიმინალი, გაწბილებულია ხალხი, რომელიც ელოდა „ქართული ოცნების“ მიერ დაპირებულ სამუშაო ადგილებს, დღეს ქარხნები მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელთა ფანტაზიებში გუგუნებს.
ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს დანაპირები, მიხედოს ეკონომიკას, კრიმინალს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ჩვენ გავაკეთებთ, როცა დავბრუნდებით ხელისუფლებაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პრეზენტაცია სპორტის სასახლეში მიმდინარეობს, მას დაახლოებით 10.000 ადამიანი ესწრება. სიტყვით გამომსვლელებს შორის, დავით ბაქრაძის გარდა არიან გიგი უგულავა, ნიკა მელია, თენგიზ გუნავა და სხვები.
მასალის გამოყენების პირობები