საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოსახლეობას და განსაკუთრებით ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავს ულოცავს. დავით უსუფაშვილმა ცოტა ხნის წინ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
"ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 69-ე წლისთავს. ვულოცავ განსაკუთრებით ვეტერანებს, რომლებმაც მაშინ დაიცვეს საკუთარი სამშობლო. საქართველოს ისტორიაში სამწუხაროდ, ბევრი ომი და ომის ვეტერანია, ბევრია გმირობის მაგალითები – მათ მოიტანეს დღემდე ჩვენი ქვეყანა და ჩვენია ვალია გავუფრთხილდეთ მათ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე უნდა ვეცადოთ, რომ აღარ დაგვჭირდეს ომი.
"უნდა ვეცადოთ, რომ აღარ დაგვჭირდეს ომი და აღარ გაჩნდნენ ქვეყანაზე ომის ვეტერანები. ამ მიმართულებით უნდა გავხარჯოთ ჩვენი ძალა და ენერგია. რაც შეეხება ვეტერანების ღვაწლს, ამის სრულად შეფასება და დაფასება შეუძლებელია. ვერც დღევანდელი და ვერც წინა ხელისუფლებები ვერ მოვახერხებდით ამას, მაგრამ უნდა გავუფრთხილდეთ ვეტერანებს და უნდა ჰქონდეთ ჩვენი თანადგომა და სითბო", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ვაკის პარკში დავით უსუფაშვილი დეპუტატებთან ერთად იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები