კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატს დედაქალაქთან მიმართებაში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
მისი თქმით, კოალიციამ ძალიან ღირსეული კანდიდატები წარადგინა.
"თითოეული მათგანი არის პროფესიონალი და პატრიოტი და თითოეულ მათგანს შეტკივა გული დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვები, საერთო პროგრამა და ამ ხედვების და პროგრამის ფარგლებში, დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი ღირსეულ, შთამბეჭდავ და დამაჯერებელ შედეგებს მიიღებს 15 ივნისის არჩევნებში. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ თითოეული მათგანი დეტალურად იცნობს თავიანთი რაიონის პრობლემებს. ისინი ხალხთან მჭიდრო კომუნიკაციით მოახერხებენ იმას, რომ თუკი რაიმე პრობლემა არსებობს, თითოეულმა ეს პრობლემა ამოწუროს, მოიტანონ გადაწყვეტილების მიმღებ ხალხამდე და მოვაგვაროთ ყველა ეს პრობლემა", - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, მათი ხედვები ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით, არის საერთო. "ვაპირებთ, რომ პირველ რიგში, ღირსეულად გავიმარჯვებთ არჩევნებში და შემდეგ ღირსეულად შევუდგებით ქალაქის განვითარების საქმეს", - განაცხადა ნარმანიამ.
კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ წარადგინა.
1. ჯაბა ჯიშკარიანი - "ქართული ოცნება" – მთაწმინდა. 2. გიორგი მუსხელიშვილი - "თავისუფალი დემოკრატები" - ძირეული ვაკე, ბაგები, წყნეთი. 3. გოჩა ბაბუნაშვილი – "ქართული ოცნება" - ნუცუბიძის ფერდობი, ვაჟა-ფშაველას კვარტლები. 4. შორენა ბუხრაშვილი - "ეროვნული ფორუმი" - სოფელი დიღომი, ვაშლიჯვარი, დიდი დიღომი. 5.გივი ჭიჭინაძე – "ქართული ოცნება" - ვეძისი, კანდელაკის ქუჩა, ვაჟა ფშაველა, ყაზბეგის გამზირი, საბურთალოს მარცხენა ნაწილი, პეკინის ნაწილი, გოთუას ქუჩა. 6. დავით ზურაბიშვილი – "რესპუბლიკური პარტია" - საბურთალოს მარჯვენა ნაწილი, პეკინის ნაწილი, იოსებიძე, შარტავას, დოლიძის, ხილიანის, ბახტრიონის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. 7. ბექა ნაცვლიშვილი - "ქართული ოცნება" - კრწანისი, ფონიჭალა. 8. ილია ჯიშკარიანი - "თავისუფალი დემოკრატები" - ავლაბარი, მეტრომშენი. 9. ირაკლი აბუსერიძე – "ქართული ოცნება" - ვაზისუბანი, მერვე ლეგიონი. 10. ზურა ნეფარიძე - "ეროვნული ფორუმი" – ნავთლუღი. 11. ია მაკასარაშვილი – "ქართული ოცნება" - ვარკეთილი. 12. ლევან დარახველიძე - "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - მესამე მასივი.
მასალის გამოყენების პირობები