შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ლევან ტაბიძეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელ პროცესზე, პროკურორმა რევაზ ნადოიმ პატიმრობის შუამდგომლობა ბრალდებულის შესაძლო მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის მოტივით დააყენა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.
ადვოკატმა ვლადიმერ გაბრიჩიძემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაენთავისუფლებინათ, თუმცა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დღევანდელ პროცესზე სიტყვის თქმის შესაძლებლობა მიეცა თავად ბრალდებულ ლევან ტაბიძეს, რომელიც ე.წ. მუხროვანის ამბოხების საქმეზეა დაკავებული და მას ბრალად წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება საბრალდებო ეპიზოდი, რომლის მიხედვითაც, მას მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულ კობა ოთანაძის ნათესავების წამებას ედავებიან. ლევან ტაბიძემ აღნიშნა, რომ ის მხოლოდ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ოთანაძის ნათესავებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც ვინმესთვის აღუკვეთავს თავისუფლება უკანონოდ. ამასთან, ბრალდებულმა განაცხადა, რომ ოთანაძის ადგილსამყოფელზე ინფორმაციის სანაცვლოდ მისმა ნათესავებმა პირადად მისგან მიიღეს 30 000 ლარის ოდენობის ფულადი თანხა. ტაბიძის ინფორმაციით, აღნიშნული თანხის გადაცემის ამსახველი ვიდეომასალა არსებობს და ბრალდებას შეუძლია დარწმუნდეს ამაში.
დაცვის მხარემ მიუთითა, რომ ოთანაძის ნათესავები, კერძოდ, ნათია თვაური და ნათია ზარიძე, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეები არიან, ჩვენებას მის საწინააღმდეგოდ კვლავ ფულადი თანხის სანაცვლოდ აძლევენ.
ტაბიძის ადვოკატის, ვლადიმერ გაბრიჩიძის განცხადებით, მიღებული თანხით ოთანაძის ნათესავებმა სილამაზის სალონი იყიდეს, რაც ასევე დასტურდება მტკიცებულებებით. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს და შესაბამისად, მიმალვის საფრთხე და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე გამორიცხულია.
რაც შეეხება წინასასამართლო სხდომას, ტაბიძის წინააღმდეგ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 26 ივნისს ჩაინიშნა. აღმკვეთ ღონისძიებას კი დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები