"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს. ეს მიმართვა გიორგი მარგველაშვილისადმი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა.
"უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩვენ ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან არაერთგზის გვსმენია, რომ საქართველოში არ არსებობს უკანონო მოსმენების პრობლემა. ყველამ ერთად ვიხილეთ ტოტალური მოსმენების და თვალთვალის მასშტაბური პრაქტიკის უტყუარი საბუთები ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში. ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ეს დანაშაული ატარებს სისტემურ ხასიათს, რაც ხელყოფს ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს. უსმენენ ყველას. პარლამენტის თავმჯდომარის, თავდაცვის მინისტრის, უშიშროების საბჭოს მდივნის საუბრის უკანონო მოსმენა და თავისუფალ ცირკულაციაში მოქცევა ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტების გადაგვარებასა და მოშლასთან, რაც პირდაპირ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხს", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც განხილული იქნება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული საკითხები, რადგან, წიკლაურის თქმით, "თუკი ასეთ თავისუფალ ცირკულაციაში არის ეს მასალები, სავსებით შესაძლებელია, რომ მას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლებიც ფლობდნენ".
მასალის გამოყენების პირობები