შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები, დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის ზონაში საძიებო-სამაშველო სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მინისტრმა საგანგებოდ შექმნილ შტაბში თათბირი ჩაატარა.
ასევე ადგილზე იმყოფებიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, სასაზღვრო ჯარების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი და სხვადასხვა სამაშველო ჯგუფების ხელმძღვანელები. შსს-ს მაშველებს სამაშველო სამუშაოების წარმოებაში ეხმარებიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
მაშველებმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს ყაზახ, უკრაინელ და ბელორუს 16 მძღოლს, რომლებიც 17 მაისს, ჩატარებული სამაშველო სამუშაოების შედეგად მეწყერის ზონიდან გამოიყვანეს. მათ ინდივიდუალურად დაურიგდათ პირადი ჰიგიენის ნივთები, პირადი მოხმარების საგნები და საკვები.
უცხოელი მძღოლების ტრანსპორტირება ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის
მიმართულებით ვერტმფრენით განხორციელდა, საიდანაც ისინი მათი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანებით გადაკვეთენ რუსეთის საზღვარს.
გეოლოგებისგან შემდგარმა სპეციალურმა ჯგუფმა, რომელშიც მუშაობდნენ გეოლოგები, გეოფიზიკოსები, გლაციოლოგები და გეომორფოლოგები დევდორაკის მყინვარის სათავეები დაათვალიერეს და ღვარცოფის ვიზუალური კვლევა ჩაატარეს.
მასალის გამოყენების პირობები