გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, NATO-ს წევრი ქვეყნები უელსის სამიტზე ხაზს გაუსვამენ იმას, რომ საქართველო კარგი პარტნიორია. როგორც მერკელმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, ამის გამოსახატად, MAP-ის გარდა, სხვა შესაძლებლობებიც არსებობს. გერმანიის კანცლერმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ MAP-ის მინიჭების საკითხი NATO-ს უელსის სამიტის თემა არ იქნება.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ანგელა მერკელს ჰკითხა, არის თუ არა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების დრო და რამდენად გაიარა საქართველომ ის გამოცდა, რომელიც აუცილებელია, MAP-ის მისაღებად. ასევე, ჰკითხა, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს შემდეგ ნაბიჯებზე, რუსეთი შემდგომი აგრესიისთვის ანთებულ მწვანე შუქად ხომ არ აღიქვამს.
"მე არ მგონია საერთოდ, რომ NATO-ს რამე გადაწყვეტილებას რუსეთი მიიღებს როგორც მწვანე შუქს დამატებითი აგრესიისთვის. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის უფრო ინტენსიური ნორმალიზაცია მხარდაჭერის ღირსია. MAP-ის საკითხი NATO-ს შემდეგი სამიტის თემა არ იქნება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმ პროგრესს, რაც არის საქართველოში, ასევე ვხედავთ საქართველოს ძალისხმევას, მაგალითად, ავღანეთში. ამიტომ, NATO-ს შემდგომი სამიტისთვის ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველო არის კარგი პარტნიორი და მე ვფიქრობ, რომ MAP-ის გარდა, სხვა შესაძლებლობებიც არსებობს ამის გამოსახატად" - განაცხადა მერკელმა.
ცნობისთვის, 30 მაისს, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უყარა NATO-ს გაფართოების დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი და ამ გზაზე, უელსის სამიტზე მიენიჭოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP). დეკლარაციას ასამბლეის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ასამბლეამ განაცხადა, რომ NATO-ს გაფართოება არ წარმოადგენს საფრთხეს სხვა ქვეყნებისთვის და პირიქით, ხელს უწყობს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას.
ასამბლეამ მოუწოდა NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, კიდევ ერთხელ დაადასტურონ ღია კარის პოლიტიკის და წევრობის მისწრაფებების მქონე ქვეყნების ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერა.
მასალის გამოყენების პირობები