პარტიულ სიაში რეგისტრირებულ კანდიდატთა უარი არჩევნებში კენჭისყრაზე, არჩევნებიდან პარტიული სიის მოხსნის საფუძველი არ იქნება. ამას ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება "ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ" ითვალისწინებს, რომლიც გუშინდელ სხდომაზე ცესკოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს.
კერძოდ, სააარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, თუკი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრირებულ პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა კანონით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდება, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიული სიის რეგისტრაცია უქმდება.
ცესკომ საკუთარი დადგენილებით ის გარემოებები დააკონკრეტა, რაც კანდიდატთა მინიმუმზე ნაკლები ოდენობით დარჩენილი სიის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს. ეს შემდეგი გარემოებებია: რეგისტრირებული კანდიდატის გარდაცვალება; თუკი რეგისტრირებულ კანდიდატს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი საარჩევნო კომისიას ოფიციალურად წარედგინება; თუკი რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაციის შემდგომ პასიური საარჩევნო უფლება შეეზღუდება და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი საარჩევნო კომისიას წარედგინება; თუკი რეგისტრირებულ კანდიდატს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა, კანონით დადგენილი წესით, წარმდგენი საარჩევნო სუბიექტი გაიწვევს.
შესაბამისად, პარტიულ სიაში რეგისტრირებულ კანდიდატთა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, არჩევნებიდან სიის მოხსნის საფუძველი არ იქნება. აღნიშნული დადგენილების მიღება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცალკეულ რაიონებში ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა საკუთარი კანდიდატურების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ოპოზიციამ მათ წარმომადგენლებზე ზეწოლით ახსნა.
თავის მხრივ, "ქართული ოცნება" იმ ნორმის გაუქმების წინადადებით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, პარტიულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილ კანდიდატთა ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესიდან მთელი სია იხსნება. შესაბამისი ინიციატივით მათ ცესკოს მიმართეს.
მასალის გამოყენების პირობები