ხელისუფლებამ სოციალური დახმარების მიმღებთა სიიდან 100,000-ზე მეტი მატერიალურად უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი ამოიღო , - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის არაკომპეტენტური, უუნარო მთავრობის წელიწადნახევრიანმა მმართველობამ შედეგად გაჩერებული ეკონომიკა, შემცირებული სამუშაო ადგილები და 2013 წელს 700 მილიონი ლარით გარღვეული ბიუჯეტი მოიტანა.
მათივე ინფორმაციით, საბიუჯეტო დანაკლისის ფონზე, იმისათვის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაცემული დაპირება სოციალური დახმარების გაორმაგების თაობაზე შეესრულებინა, ხელისუფლებამ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა მკვეთრად შეამცირა და სოციალური დახმარების მიმღებთა სიიდან 100,000-ზე მეტი მატერიალურად უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი ამოიღო.
"საქართველოში არ დარჩენილა რაიონი, სოფელი, დაბა, ქალაქი, სადაც ხელისუფლების ამ გამიზნული პოლიტიკის შედეგად ყოველგვარი სახსარის გარეშე არ დარჩენილიყოს ოჯახები, რომლებმაც დღეს აღარ იციან, როგორ ირჩინონ თავი.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 450 ათასი ადამიანი იყო. ჩვენი ინფორმაციით, დღეს ეს რაოდენობა თითქმის 300 ათასზე დავიდა.იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისათვის დამალოს, ჯანდაცვის სამინისტრომ ხელისუფლებისათვის ნაცად ხერხს მიმართა და ოფიციალური გვერდიდან გააქრო პენსიონერთა, საციალური დახმარების მიმღებთა, სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა მონაცემთა ბაზები. შეგახსნებთ, რომ ხელისუფლება ასევე მალავს დანაშაულის მატების, აგრეთვე ეკონომიკური ვარდნის რეალურ მაჩვენებლებს", აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნოს სრულყოფილი ინფორმაცია სფეროში შექმნილი მდგომარეობის შესახებ და აპირებს, ამ სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საზოგადოებას კონკრეტული წინადადებები წარუდგინოს.
მასალის გამოყენების პირობები