უკრაინაში ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა, რომელსაც 56 ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა და მას პოლონეთის, რუმინეთის, შვეიცარიის, ლიტვის, მოლდოვისა და გერმანიის პრეზიდენტებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო. ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიას ასევე ესწრებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი.
რადაში შეკრებილმა საზოგადოებამ უკრაინის თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
"მე, პეტრო პოროშენკო - ხალხის მიერ არჩეული პრეზიდეტი - ვფიცავ, რომ მთელი ჩემი საქმიანობით დავიცავ უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ვიზრუნებ უკრაინელი ხალხის კეთილდღეობაზე და დავიცავ მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებას, უკრაინის კონსტიტუციას. შევასრულებ ჩემს მოვალეობას ყველა თანამემამულის ინტერესების გათვალისწინებით. ავამაღლებ უკრაინის ავტორიტეტს მთელ მსოფლიოში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უმაღლესი რადას სხდომათა დარბაზში რიგით მეხუთე პრეზიდენტის გამოსვლას დეპუტატებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისმენდნენ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები ლეონიდ კუჩმა, ლეონიდ კრავჩუკი და ვიქტორ იუშჩენკო.
გიორგი მარგველაშვილი კიევში პირადად პეტრო პოროშენკოს პირადი მიწვევით იმყოფება.
48 წლის ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა 25 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 54,7%-ი მიიღო.ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრებს შორის 23 სახელმწიფოს მეთაური იყო.
მასალის გამოყენების პირობები