საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღეს განცხადება/საჩივრების წარდგენის წესებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს საჩივრით მომართვაზე უფლებამოსილ პირებს, გაითვალისწინონ, რომ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე არსებულ დარღვევებთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივარი ცესკოში წარდგენის შემთხვევაში, საარჩევნო კოდექსის თანახმად განუხილველი დარჩება.
როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებსა და რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებლებს უფლება აქვთ კენჭისყრის დღეს, პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე განცხადება/საჩივრით მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო უბანზე არ ხდება საჩივრის ჩაბარება ან დაფიქსირებული დარღვევის აღმოფხვრა, განმცხადებელს შეუძლია იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივრით დაუყოვნებლივ მიმართოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს და რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებლებს, ასევე უფლება აქვთ გაასაჩივრონ ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს დაფიქსირებული დარღვევები და მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც კენჭისყრის დღიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში მიღებულ განცხადება/საჩივარს გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო კომისია თავის მხრივ, განცხადება/საჩივარს, მისი რეგისტრაციიდან 2 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს. უფლებამოსილ პირებს, შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, ოქმის გასაჩივრება შეუძლიათ ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში.
კენჭისყრასთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები შეიძლება გასაჩივრდეს 2 კალენდარული დღის ვადაში შესაბამის რაიონულ ან საქალაქო სასამართლოში.
მასალის გამოყენების პირობები