ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს ამომრჩეველი 12 მერს, 59 გამგებელსა და 71 საკრებულოს 2086 წევრს აირჩევს. 2014 წლის 15 ივნისის არჩევნები ყველა სხვა ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებული და გამორჩეული იმით არის, რომ ასარჩევად გაცილებით მეტი მანდატი "თამაშდება", ვიდრე ეს წინა არჩევნების დროს იყო.
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" რეფორმირების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მერებს პირდაპირი წესით აირჩევენ 12 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, თელავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში. ასევე პირდაპირი წესით, თვითმმართველი თემის გამგებლები აირჩევიან, რომელთა რაოდენობაც 59-ია.
მერისა და გამგებლის პოსტს ის კანდიდატი დაიკავებს, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.
რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს, ამ არჩევნებისთვის ასარჩევია 71 საკრებულოს 2088 წევრი.
თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისგან, ასევე შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან (რომლებიც ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში შედის) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისაგან.
თვითმმართველი ქალაქის საკრებულო (გარდა თბილისისა) შედგება: პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისა და მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისაგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75 000-ს, ხოლო თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 75 000-ზე ნაკლებია, პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისგან.
წევრების რაოდენობით ყველაზე დიდია თბილისის საკრებულო, რომელიც 50 დეპუტატისგან შედგება. ამათგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე.
მერები, გამგებლები და საკრებულოს წარმომადგენლები ოთხი წლის ვადით აირჩევიან.
მასალის გამოყენების პირობები