მერისა და გამგებლის არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას დააგროვებს. მეორე ტურთან მიმართებით არანაირი საარჩევნო ბარიერი არ მოქმედებს.
არჩევნების მეორე ტურში ის ორი კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. ამასთან, თუ ორზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდება, ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ეს კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა 15 ივნისის არჩევნებში, ასეთი შედეგი არც ერთ ქალაქსა და რაიონში არ დამდგარა.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თუ კანდიდატებმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო, ხოლო თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელმაც რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.
გარდა ამისა, თუკი არჩევნების მეორე ტურში გასულ ერთ-ერთ ან ორივე კანდიდატს რეგისტრაცია გაუუქმდება, ან კანდიდატი გარდაიცვლება, ორი თვის თავზე ხელახალი არჩევნები ტარდება. 15 ივნისს ჩატარებულ არჩევნებში მერისა და გამგებლის პოსტის დასაკავებლად 50%-იანი ბარიერის გადალახვა კანდიდატებმა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვერ შესძლეს, რის გამოც არჩევნების მეორე ტური ინიშნება.
არჩევნების მეორე ტურს ცესკო ნიშნავს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან 3 დღის ვადაში თუ ოქმი არ გასაჩივრდა, ხოლო ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში − სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში, სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
არჩევნების მეორე ტური ტარდება ცესკოს მიერ მისი დანიშვნის შესახებ განკარგულების მიღებიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა.
მასალის გამოყენების პირობები