ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, რომელთაც ატესტაცია არ გაუვლიათ, 2015 წლის 1-ელ ივლისამდე ატესტაციას დაექვემდებარებიან. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაციის და ასევე კონკურსების სავალდებულო ეტაპი ტესტირება იქნება.
ამას "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა. ამავე პროექტის გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მთავრობამ მათი უწყვეტი სწავლების სისტემა, სისტემაში ჩართული უწყებების უფლებამოსილებები, სწავლების სისტემის პრინციპები და წესი უნდა განსაზღვროს.
კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული მოხელეებიდან მხოლოდ 3,5%-ია დანიშნული კონკურსის გავლის შედეგად. მოხელეთა დიდი ნაწილი დანიშნულია უვადოდ - კონკურსის გავლის გარეშე. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების უმრავლესობას არ გაუვლია საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის რაიმე ფორმალიზებული პროცედურა. ყოველივე ამას ერთვის ისიც, რომ უცვლელი დარჩა მოხელეების თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის სამართლებრივი რეგულირება, როგორიცაა ატესტაცია.
"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, საჯარო მოხელე ატესტაციას სამ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება. საატესტაციო პერიოდის ათვლა მოხელის თანამდებობაზე დანიშვიდან იწყება და უვადოდ დანიშნულ მოხელეებზე ვრცელდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ იმის გამო, რომ კანონში არსებულ ჩანაწერს არ ახლავს ატესტაციის სავალდებულოობის დამდგენი რაიმე ნორმა, არსებული მონაცემებით, ატესტაცია თითქმის არც ერთ მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა.
"ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ითვალისწინებს ადგილობრივ თვითმმართველობების შტატების ოპტიმიზაციას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების და მათ ინსტიტუციურ ცვლილებებს. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გაჩნდება ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელების საჭიროება, რაც თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ადგილობრივ მოსამსახურეთა შესაბამისობის გადაფასების საჭიროებას წარმოშობს", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
პროექტის მიხედვით, ატესტაციისა და კონკურსებისთვის გათვალისწინებული ტესტირებისათვის სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, ასევე ტესტირების შეფასების კრიტერიუმებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, საჯარო სამსახურის ბიურო შეიმუშავებს და დაამტკიცებს.
მასალის გამოყენების პირობები