საქართველომ მართლმსაჯულების სექტორის შემდგომი რეფორმირება და თომას ჰამარბერგის 2013 წლის სექტემბრის ანგარიშში - "საქართველო გარდამავალ პერიოდში" განსაზღვრული რეკომენდაციების გაითვალისწინება უნდა მოახდინოს. ამის შესახებ ნათქვამია ასოცირების დღის წესრიგში, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა და საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი მუშაობისათვის განსაზღვრული პრიორიტეტების 3-წლიან გეგმას წარმოადგენს.
ასოცირების დღის წესრიგით საქართველო იღებს ვალდებულებას, ადამიანის უფლებათა დაცვის ყოვლისმომცველი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიიღოს, ასევე გადადგას ნაბიჯები გაეროსა და ევროსაბჭოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტების ხელმოწერის, რატიფიკაციისა და ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანისთვის, "მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ" გაეროს კონვენციის და "რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიასთან" დაკავშირებით ევროსაბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით. საქართველო ასევე ვალდებულია, უზრუნველყოს უნარშეზღუდულ პირთა უფლებების თაობაზე გაერო-ს კონვენციის ეფექტიანი იმპლემენტაცია, სტრასბურგის სასამართლოს განაჩენების ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფა, მედია პლურალიზმის გაძლიერების გაგრძელება, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პროფკავშირების მხარდაჭერა, ასევე, სასჯელაღსრულების სისტემაში, პოლიციაში, სამხედრო, თუ სხვა დახურულ დაწესებულებებში წამებასთან და სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდებების დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფა და იქ შიდა და გარე მონიტორინგის გაძლიერება.
რაც შეეხება მართლმსაჯულების სექტორის შემდგომ რეფორმირებას, ასოცირების დღის წესრიგში ხაზგასმულია სასამართლო სისტემისა და პროკურატურის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფის მნიშვნელობა და ნათქვამია, რომ ეს სტრუქტურები თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური, თუ სხვა არამართლზომიერი ჩარევისაგან.
"გაგრძელდეს რეფორმების განხორციელება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მართლმსაჯულება, სისხლის სამართლის კოდექსი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ამასთან ერთად, მოხდეს სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში მხარეების თანასწორობის გაზრდა. განისაზღვროს სათანადო საკონსტიტუციო ჩარჩო პროკურატურისთვის ეფექტიანი ზედამხედველობით, რათა მოხდეს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა და ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად პროფესიონალური პროკურატურა, რომელიც თავისუფალი იქნება, როგორც პოლიტიკური პარტიის, ასევე, სხვა არამართლზომიერი ზეგავლენისგან; უზრუნველყოფილ იქნას სისხლის სამართლებრივი დევნის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად განხორციელება, პოლიტიკური მოტივაციის გარეშე, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი სამართალი; გაიზარდოს სამართალდამცველი ორგანოების ანგარიშვალდებულება და მათზე დემოკრატიული ზედამხედველობა. საჩივრები პოლიციისა და პროკურორების წინააღმდეგ, საჭიროებს პროფესიონალურ და ეფექტიან მექანიზმს მათზე სარწმუნო რეაგირებისთვის. განხილულ იქნას სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, მსგავსი საქმეების გამოსაძიებლად. გადაიხედოს ადმინისტრაციული დაკავების წესები სამართლიანი სასამართლო განხილვის ნორმების შესაბამისად", - ნათქვამია ასოცირების დღის წესრიგში.
მასალის გამოყენების პირობები