საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსპორტო სარდლობის ვიზიტი მიმდინარეობს. სატრანსპორტო სარდლობის მეთაური გენერალი პოლ სელვა, თბილისში გუშინ ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 11 ივლისამდე გასტანს.
ამერიკელი გენერალი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს ხელმძღვანელობის მაღალ ოფიციალურ პირებს მათ შორის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას.
დღეს დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში განიხილება მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობა და წვრთნები, ასევე საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალების (ISAF) მისიაში ავღანეთში, აგრეთვე ISAF -ის ჩრდილოეთ განაწილების ქსელის გზის ლოჯისტიკური საკითხები. "გენერალი სელვა ისარგებლებს ამ შესაძლებლობით და მადლობას გადაუხდის საქართველოს მთავრობას და ხალხს მხარდაჭერისთვის და ისაუბრებს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე", - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გენერალი სელვა აშშ-ს სატრანსპორტო სარდლობას სათავეში ჩაუდგა 2014 წლის მაისში. ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში.
მასალის გამოყენების პირობები