მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალისთვის ვლადიმერ ბედუკაძემ 2 მლნ აშშ დოლარი მიიღო. როგორც მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, ამ ეტაპზე ფირების დეტალური დამუშავება მიმდინარეობს, მისივე თქმით, ვიდეომასალის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ორი სახის დანაშაული იკვეთება – ერთი სისტემური და მეორე - ანგარებითი. ზოდელავას განმარტებით, ე.წ ბედუკაძე-ფურცხვანიძის დანაშაულებრივი ჯგუფი ამ სასტიკ დანაშაულს ანგარებით სჩადიოდა, რომ ის შემდეგ მესამე დამკვეთი პირისთვის გადაეცა. როგორც ზოდელავამ აღნიშნა,
ბედუკაძე-ფურცხვანიძე ამ მესამე პირთან ელიზბარაშვილი-თამაზაშვილის მეშვეობით თანამშრომლობდნენ.
პატიმართა წამების კადრების ავტორმა, #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილმა მორიგე ინსპექტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ საქართველოს საპატიმროებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები ბრიუსელში გააკეთა.
მან ინტერვიუ "ობიექტივს" მისცა. როგორც ყოფილმა მორიგე ინსპექტორმა განაცხადა, მკვლელობისა და გაუპატიურების ამსახველი მასალები ახალაიას სეიფში ინახება, კადრები კი, რომელიც მან გაავრცელა, დაწუნებული მასალაა, რომელიც "მათთვის რაღაც ღირებულს არ წარმოადგენდა".
ვლადიმერ ბედუკაძე, რომელზეც საქართველოს სამართალდამცავებმა ძებნა გამოაცხადეს, ბელგიას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს და აცხადებს, რომ საქართველოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები