საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად გიორგი ტუღუში წარადგინა. ყოფილი სახალხო დამცველი ამ პოსტზე ხათუნა კალმახელიძეს შეცვლის.
გიორგი ტუღუში საქართველოს სახალხო დამცველად საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის 31 ივლისს 5 წლის ვადით აირჩია.
"დაპატიმრებულებს გრძელვადიანი პატიმრობა ემუქრებათ და სისტემაში რეორგანიზაცია გამოცხადდა, მაგრამ ამას
სათავეში უნდა ჩაუდგეს მინისტრი. გიორგი ტუღუში ყველაზე მკაცრი კრიტიკოსია. მისგან ბევრ ინფორმაციას ვიღებდით, მაგრამ, სამწუხაროდ ყველაფერი ვერ გავითვალისწინეთ. ამიტომ ვნიშნავ ამ სისტემის ხელმძღვანელად რეალობის ძალიან მკაცრ კრიტიკოსს, გიორგი ტუღუშს და ამას შეგნებულად ვაკეთებ. ეს უნდა იყოს სხვა სისტემა. ჩვენ გვჭირდება ახალი სამინისტრო, სისტემა, რომელიც გამორიცხავს პროვოკაციებს, შეგნებით თუ შეუგნებლად ასეთი ტიპის დანაშაულებს. გიორგი ტუღუში არის წამების საწინააღმდეგო საერთაშორისო კომიტეტის წევრი, არის ერთ-ერთი უძლიერესი ექსპერტი ადამიანის უფლებების დარგში და აქვს ძალიან მნიშვნელოვანი განათლება. მას ასევე ბევრი უბრძოლია ამ სისტემის გასაუმჯობესებლად", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიორგი ტუღუშს სრული დამოუკიდებლობა ექნება და მის საქმიანობაში კანონის და საზოგადოების გარდა ვერავინ ჩაერევა.
"ყველანაირი პოლიტიკური მანიპულაცია მიუღებელია ამ თემებზე. ჩვენ უნდა ავაშენოთ საზოგადოება, სადაც იქნება ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულისა და ადამიანის უფლებებს დარღვევის მიმართ. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. რადიკალურ გამოწვევებზე ჩვენ იმაზე რადიკალური პასუხი გვაქვს, ვიდრე შეიძლებოდა რომელიმე ქვეყანას ეს გაეკეთებინა. მიხარია, რომ ადამიანმა, რომელიც პოლიტიკოსი არ არის, ამ რთული გამოწვევის წინაშე უკან არ დაიხია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები