სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ახალი მინისტრის, გიორგი ტუღუშის განცდახებით პრეზიდენტისგან მონისტრის თანამდებობის შეთავაზება მისთვის მოულოდნელი და მნიშვნელოვანი იყო.
"ომბუდსმენის აპარატმა ბევრი რამ შეძლო, თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ პრობლემების ასახვა შევძელით. აქამდე მე არ მქონდა კომპეტენცია, რაღაც გამომესწორებინა. ჩემი თანხმობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ სისტემაში რადიკალური ცვლილებების საშუალება მომეცემა და ყველა პატიმრის უფლებებს დავიცავ. ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ჩემთვის დიდი მოტივაციის მომცემია, ხელი შევუწყო ისეთი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც მინიმუმამდე დავა პატიმრების პრობლემები", - განაცხადა ტუღუშმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სისტემაში პრობლემებია ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მხრივაც.
"მთლიანად აღმოვფხვრი არასათანადო მოპყრობას და ეტაპობრივად ყველა პრობლემის მოგვარებას დავიწყებ. ჩემი პრიორიტეტი იქნება სისტემის გადახალისება და თანამშრომლობა ყველასთან, ვინც ამ სფეროში აქტიურია. მინდა მივიღოთ სისტემა, რომელზეც საუბარი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. ის უნდა ემსახურებოდეს პირთა
რესოციალიზაციას და არა მათი ღირსების შელახვას და საზოგადოებაში ტრავმირებულ დაბრუნებას. პრეზიდენტი სისტემაში სრულ თავისუფლებას დამპირდა, დამჭირდება არაერთი ახალი თანამშრომელი და მზად ვარ, გავითვალისწინო ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჩემს მიერ არის შემუშავებული. მზად ვარ, ჩემივე დაწერილი თვითონვე შევასრულო" - აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.
ახალმა მინისტრმა ხაზი სფეროს დაფინანსების გაზრდის მნიშვნელობასაც გაუსვა.
"აუცილებელია, სისტემის დაფინანსება გაიზარდოს და მოხდეს დამატებითი რესურსების მოზიდვა. ვიზრუნებ, რომ გაიზარდოს პრობაციის სერვისის მუშაობა და პატიმრების რიცხვი შემცირდეს. მინდა დავაიმედო მშობლები, რომ მათი პატიმრები მაქსიმალურად დაცული იქნებიან. ბევრი განცვიფრდა ალბათ, რატომ დავთანხმდი ამ პოსტს. აქამდე პრობლემებზე ვწერდი. ბევრი ჩემი რეკომენდაცია მოწოდებად დარჩა. ახლა კი მომეცემა საშუალება მოვაგვარო ყველაფერი, რაზეც აქამდე ვსაუბრობდი"
- აღნიშნა ტუღუშმა.
მასალის გამოყენების პირობები