თუ გამოძიების პერიოდში გამოიკვეთება სხვა ფაქტობრივი გარემოებები და დანაშაულის ნიშნები, მოხდება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლის გადაკვალიფიცირება , - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის სპიკერმა კოკა კაციტაძემ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე კომენტირებისას განაცხადა.
"ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ეროსი კიწმარიშვილის ძმის მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, გასროლილი მასრა და იარაღის მჭიდში მოთავსებული ვაზნები. დანიშნულია ექსპერტიზები, დაკითხულია არაერთი მოწმე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის მოთხოვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი", - აღნიშნა კოკა კაციტაძემ.
მისი თქმით, გასროლა მოხდა თუ არა "ჩეზეს" ტიპის იარაღიდან, ამას დაადგენს ექსპერტიზა. ამასთან, კაციტაძის თქმით, ამოღებულია ყველა ვიდეომასალა, რომლის შენახვაც მოხერხდა. "არის გარკვეული ვიდეომასალა, რომლის ამოღებაც ვერ მოხერხდა, იმიტომ, რომ მისი ჩაწერა ვერ მოხერხდა ტექნიკური მოწყობილობიდან გამომდინარე", - აღნიშნა კოკა კაციტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები