აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინას ამერიკელი ექსპერტების დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ამასთან, ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა ყველა მტკიცებულების ხელუხლებლად დატოვების მნიშვნელობას, სანამ გამომძიებლებს ტრაგედიის ყველა ასპექტის შესწავლის საშუალება არ მიეცემათ.
"პრეზიდენტმა ობამამ პეტრო პოროშენკოს განუცხადა, რომ ამერიკელი ექსპერტები დაუყოვნებელ დახმარებას გაუწევენ. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა მტკიცებულება ავარიის ადგილზე უკრაინის ტერიტორიაზე უნდა დარჩეს საერთაშორისო ექსპერტების მისვლამდე, ვიდრე მათ ტრაგედიის ყველა ასპექტის შესწავლის საშუალება არ მიეცემათ", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, თეთრი სახლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი შედგა ასევე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ ტუნ რაზაკთანაც. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ობამამ ნაჯიბ ტუნ რაზაკთან სამძიმარი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით.
"პრეზიდენტმა მალაიზიის პრემიერ-მინისტრს მყისიერი დახმარება შესთავაზა სწრაფი საერთაშორისო გამოძიების ხელშეწყობაში.
მასალის გამოყენების პირობები