თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ავღანეთში ქართველების არასაბრძოლო მისია გაგრძელდება. როგორც ირაკლი ალასანიამ დღეს პარლამენტში რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების რაოდენობა 750-მდე შემცირდა.
"მომავალ წელს გაგრძელდება ავღანეთში ჩვენი მისია, არასაბრძოლო მისიის კუთხით. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება პრემიერთან ერთად, შევამციროთ ნახევრამდე, 750 ჯარისკაცამდე. ჩვენი სამხედროების მონაწილეობა მომავალ ნატო-ს ოპერაციაში და განთავსების ადგილები ძირითადად იქნება მაზარში, სადაც გვეყოლება გერმანულ კონტიგენტთან ერთად შეიარაღებული ძალების ერთი ასეული და ასევე ერთი ბატალიონი ბაგრამსში, ამერიკელებთან ერთად. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს შესაბამისი წვრთნები და საბრძოლო მომზადების დონე, აღჭურვილობა იძლევა იმის სრულ საფუძველს, რომ ჩვენი მომავალი მისიაც იქნება წარმატებული", - განაცხადა ალასანიამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ შეიარაღებულ ძალებში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
"თავიდან ბოლომდე ორი ყაზარმა აშენდა, გარემონტდა 32 ყაზარმა, აშენდა თავიდან 4 სასადილო, რემონტდება რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც მოემსახურება ომში დაჭრილ სამხედროებს, ასევე ამპუტირებულებს. 18 ამპუტირებულს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებით გაუკეთდათ ე.წ. ბოლო დონის ჩიპიანი პოტეზები. ეს პროგრამა გრძელდება. არა მხოლოდ ავღანეთსა და აგვისტოს ომთან დაკავშირებულ დაჭრილებზე, არამედ 90-იან წლებიდან დღემდე. ჯამში განხორციელებული მსხვილი და წვრილი პროექტები წარმოადგენს 126-ს, სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს 15 ადგილს", - განაცხადა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები