პარლამენტმა საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარა. მთავრობას ნდობა 89 დეპუტატმა გამოუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირა "ნაციონალურმა მოძრაობამ".
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების შესახებ 21 ივლისს განაცხადა. ცვლილება 7 სამინისტროს შეეხო, საიდანაც 5 მთავრობის შემადგენლობას საერთოდ დაემშვიდობა, 2-მა კი უწყება შეიცვალა. კერძოდ, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გახდა, სასჯელაღსრულების მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი, კულტურის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი- დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - გელა დუმბაძე. რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროდან სწორედ აღნიშნულ უწყებაში გადავიდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებული ელგუჯა ხოკრიშვილი კი გარემოს დაცვის მინისტრი გახდა. მთავრობის დანარჩენმა წევრებმა კი თანამდებობები შეინარჩუნეს.
მასალის გამოყენების პირობები