ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის გამო იმედგაცრუებას გამოხატავენ. ამის შესახებ ნათქვამია სენატორების განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სენატის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
ამერიკის სენატორები ჯონ მაკკეინი, ბენ კარდინი, ჯინ შაინი და ჯიმ რიში ეხმაურებიან საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მთავრობის მრავალი ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.
"ჩვენ ვართ უკიდურესად იმედგაცრუებული და შეწუხებული მთავარი პროკურატურის მიერ ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი მთავრობის არაერთი ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების გამო.
პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა არ იყო უნაკლო, ნებისმიერი დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანია თავიანთი კანონების დაცვა, თუმცა სამართლებრივი დევნა არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური იარაღი და ეროვნული გახლეჩის წყარო, განსაკუთრებით, როდესაც საქართველო დღესდღეობით ბევრი მძიმე გამოწვევის წინაშეა. ჩვენ და ბევრი სხვა მოვუწოდებდით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სხვა ქართველ ლიდერებს, რომ ფოკუსირება მოეხდინათ მომავალზე და არა წარსულზე, რომ ქვეყანა წაეყვანათ წინ და არა უკან. თითქმის შეუძლებელია მივხვდეთ რამდენად შეესაბამება ამ მიზანს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ წინა ხელისუფლების უმეტესობა სასამართლოს წინაშე წარდგეს.საქართველოს ლიდერები კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა მიმართულებით მიჰყავთ თავიანთი ქვეყანა. დღევანდელი ქმედება და მისი მსგავსი სხვა ქმედებები დამატებით არასაჭირო გამოწვევებს წარმოშობს ჩვენი ურთიერთობის წინ წასაყვანად", - ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.
პროკურატურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენს და სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს, - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა დამატებით განმარტებას აკეთებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანიდან ბრალი წარდგენილი უნდა იქნეს 24 საათში.
"იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მყოფ მიხეილ სააკაშვილისთვის მიგვეცა გონივრული ვადა სურვილის შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადების და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობისთვის, რაც აშკარად გართულდებოდა 24 საათიანი ვადის დაწესებით, სწორედ ამიტომ მისი დაბარება მოხდა რამდენიმე დღით ადრე მოწმის სტატუსით, რაც არ წარმოადგენს არც საპროცესო კოდექსის და არც მისი უფლებების დარღვევას. ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკვე გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მთავარი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს გაეგზავნება უწყება ბრალდების წარსადგენად გამოცხადების თაობაზე, მაგრამ ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მის ოჯახს ეძლევა საშუალება ადვოკატის აყვანის, რომელსაც ჩაბარდება დადგენილება და ბრალდების წარდგენა მოხდება ადვოკატის მეშვეობით", - აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანალოგიური პროცედურები განხორციელდება დავით კეზერაშვილის და ზურაბ ადეიშვილის მიმართაც, რომლებიც ასევე თავს არიდებენ გამოძიებას. რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს და გიორგი უგულავას, მათთვის ბრალდების წარდგენა მოხდება საპატიმრო დაწესებულებაში. "ბრალდების დაუსწრებლად ადვოკატისთვის წარდგენის შემდგომ პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების თაობაზე", - აცხადებენ პროკურატურაში.
მასალის გამოყენების პირობები